ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
2014 წელი ვერძებს მრავალი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში – შუა ზაფხულიდან ვერძებს ნაყოფიერი პერიოდი დაუდგებათ და ამ დროს, რასაც უნდა მოკიდონ ხელი, ყველაფერი მაქსიმალური შედეგით დასრულდება. ცხენის წელი ვერძებს აქტიურობასა და საკუთარი თავის რწმენას მიანიჭებს და ახალი წამოწყებებისა და ყველაზე აქტიური ჩანაფიქრების რეალიზებისთვის უამრავ შესაძლებლობას მისცემს.
2014 წლის მეორე ნახევრის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის იქნება, რომ ვერძები ყურადღების ცენტრში თავს ისე იგრძნობენ, როგორც თევზები წყალში. ვერძები მოვლენების ეპიცენტრში ხშირად აღმოჩნდებიან, თუმცა ბრბოში ნამდვილად არ ჩაიკარგებიან, პირიქით, სხვებისგან სასიამოვნოდ იქნებიან გამორჩეულნი. ხალხის გულის მოგება, ყველას დაპყრობა ბრწყინვალე იდეებითა და გონებამახვილური საუბრით – ცხენის წლის მეორე ნახევარში ვერძებს ეს ყველაფერი ძალიან იოლად და დახვეწილად გამოუვათ.
წლის დასაწყისში კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძებნა ცოტა არ იყოს გაუჭირდებათ. ვარსკვლავები აფრთხილებენ ვერძებს, რომ ეს უკანასკნელნი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უამრავ კონფლიქტსა თუ კამათში შეიძლება აღმოჩნდნენ ჩათრეულნი. ამის თავიდან ასაცილებლად ვერძებს ურჩევნიათ, საკუთარი მოსაზრებები მეტისმეტად ხმამაღლა არ გამოთქვან. ამ მარტივი რჩევის გათვალისწინებით, ვერძები უამრავ დროს და ნერვებს დაზოგავენ.
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
2014 წელს კურო შეიძლება საკუთარი მერყეობის მსხვერპლი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს უამრავ დიდ თუ პატარა მოვლენაში მონაწილეობას, ფუსფუსს, საზრუნავს და აურზაურს პირდება. კუროს ენდომება ყველაფერი მოასწროს, ამიტომ რამდენიმე საქმეს ერთად შეეჭიდება და საბოლოოდ, მათი უმრავლესობის ბოლომდე მიყვანას ვერ მოახერხებს.
წლის პირველ ნახევარში კურო მეტისმეტად გაღიზიანებული იქნება. მის დაჟინებულ მზერას გარშემომყოფთა ერთი შეცდომაც კი არ გამოეპარება. შედეგი – სამართლიანი (კუროს აზრით) კრიტიკა მათი მისამართით და საპასუხოდ უმადური რეაქცია. კუროებმა თავიანთი დამრიგებლური ტონი ცოტა უნდა შეარბილონ, თორემ ამ წელიწადში ნებისმიერის წყობიდან გამოყვანას და გადამტერებას მოახერხებენ.
2014 წლის სექტემბრიდან კი ნეგატივი თანდათან წარსულს ჩაბარდება და წარმატება წლის ბოლომდე კუროს თანმდევი გახდება. ყველა საქმე, რაზეც სხვა დროს კუროს უამრავი ძალისხმევის გაღება დაჭირდებოდა, ამ პერიოდში ძალიან იოლად გამოუვა. ვარსკვლავები კუროს პირდებიან, რომ ყველაზე რთული და ერთი შეხედვით განუხორციელებელი პროექტებიც კი წარმატებით დასრულდება.
ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)
2014 წელი შესანიშნავი დროა, რათა ტყუპებმა საზოგადოებრივი მდგომარეობა გაიმყარონ, შემოსავლების დონე აიმაღლონ, საჭირო ნაცნობები გაიჩინონ და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინონ. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება წლის პირველ ნახევარში, როცა ტყუპების კომუნიკაბელობა და საკუთარი თავის რწმენა მათ ხელში დიდ ძალას – გარშემომყოფთა სიმპატიასა და მხარდაჭერას მისცემს.
წლის დასაწყისში ტყუპები ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებისას სხვათა მხარდაჭერას უნდა დაეყრდნონ. მართალია, ჩვეულებრივ ტყუპებს მარტო მოქმედება ურჩევნიათ, მაგრამ 2014 წლის ჰოროსკოპი მათ თანამოაზრეთა შემოკრებას და წინ ერთობლივი ძალისხმევით მოძრაობას ურჩევს.
ეს პოზიტიური პერიოდი შეიძლება მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში შეიცვალოს, როცა დაგროვილი დაღლილობა იჩენს თავს. ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ დაისვენონ და დამთრგუნველ განწყობას არ დანებდნენ. თუმცა აპათია დიდხანს მაინც არ გაგრძელდება: უკვე ნოემბერში ტყუპები უწინდებურად სიცოცხლით სავსედ იგრძნობენ თავს.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
2014 წელს კირჩხიბების კეთილდღეობა ბევრ საკითხში თავად მათზე იქნება დამოკიდებული, ასე რომ, ცხენის წელიწადში ბედის წყალობის ცდას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, შეუპოვარ და საქმიან კირჩხიბებს, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ და დასახული მიზნისკენ ისწრაფვიან, 2014 წელი შესანიშნავ შესაძლებლობებს მისცემს.
2014 წლის პირველ ნახევარში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეიძლება ცხოვრების პირად და საზოგადოებრივ სფეროებს შორის ღრმა წინააღმდეგობები შეექმნათ. შესაძლოა ახლობელი ადამიანები კირჩხიბებს გაუნაწყენდნენ სამსახურში გატარებული ზედმეტი დროის გამო ან პირიქით, უცებ გაჩენილმა ვნებამ საქმის კეთებაში შეუშალოთ ხელი. ნებისმიერ შემთხვევაში, კირჩხიბები ოჯახსა და სამსახურს შორის იქნებიან გახლეჩილები. თუ ეს მოხდება, ვარსკვლავები გირჩევენ 2014 წელს გააკეთოთ შეგნებული არჩევანი ოჯახისა და პირადი ცხოვრების სასარგებლოდ. ახლობელი ადამიანებისთვის მეტი ყურადღების დათმობით სულიერ წონასწორობას აღიდგენთ, დროთა განმავლობაში კი სამსახურეობრივი საქმეებიც მოწესრიგდება. ნოემბერში მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ – ამ თვეში კირჩხიბებს ენერგიის ნაკლებობა ექნებათ და შეიძლება სულ უბრალო პროექტებიც კი ჩავარდნის საფრთხის წინაშე დააყენონ. სამაგიეროდ წლის ბოლო თვე ძალიან წარმატებული პერიოდი იქნება. ყველაფერს, რისი გაკეთებაც კირჩხიბებმა მთელი წლის განმავლობაში ვერ მოასწრეს, დეკემბერში ზედმეტობით აინაზღაურებენ.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
2014 წელს წარმატება ლომებს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდებათ. ვარსკვლავები მათ ერთ ლანგარზე მიართმევენ ორ უძლიერეს კოზირს: პირველ რიგში, აქტიურობასა და ენერგიულობას და მეორეც, იღბალს საქმიან ასპარეზზე. ამის გამო ცხენის წელიწადში ზოგჯერ ძნელი გასარკვევი იქნება, ლომმა წარმატებას საკუთარი ძალებით მიაღწია თუ უბრალოდ გაუმართლა და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა. თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ პროექტების დიდი ნაწილი, რასაც 2014 წელს ხელს მოკიდებთ, თქვენს ყველაზე თამამ მოლოდინებს გადააჭარბებს. ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარს ეხება, როდესაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ენერგია კალაპოტიდან ამოვარდნას ლამობს. ლომები უპრობლემოდ შეძლებენ რამდენიმე საქმე ერთად და თანაბარი წარმატებით აკეთონ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ წელს ლომებს შეუძლიათ წლების განმავლობაში დაგროვილი ყველა პრობლემატური საკითხი გადაჭრან და თუ ასეთ მიზანს დაისახავენ, რამდენიმე ახალი, გლობალური პროექტიც წამოიწყონ.
მართალია, ივლისის ბოლოდან ლომების აქტიურობა ქვედა ნიშნულისკენ დაიძვრება, მაგრამ მაინც საკმარისი იქნება, რომ წლის დარჩენილ პერიოდში საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისთვის უამრავი სასარგებლო რამ გააკეთონ. ერთადერთი საყურადღებო მომენტი ამ პერიოდში ისაა, რომ წარმატების ტალღებში თავდაკარგულმა ლომებმა ამბიციებს ოჯახური სიმყუდროვე არ შესწირონ. პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის დაპირისპირება შემოდგომაზე შეიძლება გამძაფრდეს. ამ პერიოდში ლომებს აუცილებლად ჭირდებათ პირად ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსის მოძებნა, თუნდაც ეს საქმიანი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე მოხდეს.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
2014 წლის დასაწყისიდანვე ვარსკვლავები ქალწულებს მრავალ მოულოდნელობას, სიურპრიზებსა და ახალ შესაძლებლობებს პირდებიან. სიტუაციები ძალიან ხშირად მათ სასარგებლოდ განვითარდება, თუმცა სამწუხაროდ, ცხენის წელიწადში ქალწულები აქტიურობისა და საქმიანი უნარ-ჩვევების გამოჩენისკენ მიდრეკილნი არ არიან, რის გამოც ბევრი შესანიშნავი შანსი ტყუილუბრალოდ დაიკარგება.
გარდა ამისა, 2014 წლის სექტემბრის შუამდე ზოდიაქოს ამ ნიშნებს თვითორგანიზებულობასა და დისციპლინაში პრობლემები ექნებათ. ქალწულებს ჩვეულებრივზე მეტად გაუჭირდებათ დასახული მიზნების მიღწევაზე კონცენტრირება. სამაგიეროდ იოლად გაიტაცებთ ახალი იდეები და გეგმები, თუმცა ასევე იოლად დაკარგავენ ინტერესს და წამოწყებულ პროექტებს ნახევარ გზაზე მიატოვებენ.
ეს კიდევ უფრო იმიტომაცაა საწყენი, რომ 2014 წელს სიტუაციები ქალწულებისთვის ძალიან ხელსაყრელად შეიძლება წარიმართოს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ ქალწული კონცენტრირებას და ენერგიულად წინსვლას მოახერხებს და წვრილმან საქმეებს არ მიედ-მოედება, მას წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს.
თუმცა 2014 წელს ქალწულებს სხვა შესაძლო გზაც ელოდებათ: შეუძლიათ არანაირი ზეამოცანები არ დასახონ, უბრალოდ აკეთონ ის, რაც უყვართ და ცხოვრებით დატკბნენ. მართალია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებსაც არ უნდა ელოდონ, თუმცა წელიწადს მხიარულად და მათთვის საინტერესოდ ნამდვილად გაატარებენ.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
2014 წელს სასწორებმა სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და ცვლილებები არ უნდა დაგეგმონ: წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მათი თანმდევი, თუ სასწორები მშვიდად განაგრძობენ საკუთარი საქმის კეთებას და გლობალურ იდეებს არ შეეჭიდებიან.
ცხენის წლის პირველი ნახევარი სასწორებისთვის საკმაოდ წინააღმდეგობრივი იქნება. ისინი ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსენი იქნებიან და ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებების მოხდენაც ენდომებათ, თუმცა ვარსკვლავები თავის შეკავებას ურჩევენ: მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების თავიდან ასარიდებლად, სასწორებს ურჩევნიათ მსხვილი პროექტების განხორციელება სამომავლოდ გადადონ. 2014 წლის დასაწყისიდანვე უმჯობესია მოძალებული ენერგია მშვიდობიან კალაპოტში მიმართონ: იქნება ეს შემოქმედებითი წვა, მოგზაურობა თუ პირადი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნვა.
აგვისტოდან კი სასწორებს გვერდზე გადგომა აღარ გამოუვათ – სიტუაცია მათ უამრავ სიურპრიზს პირდება. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის გლობალური ცვლილებები ისევ არ არის რეკომენდებული, სასწორების ცხოვრებაში ახალი შთაბეჭდილებები, მოვლენები და ემოციები შემოიჭრება. 2014 წლის მეორე ნახევარში სასწორებს ბევრი ახალი ნაცნობობა, ურთიერთობები, ახალი გამოცდილებების მიღება ელოდებათ. სასწორები მოხვდებიან ისეთ ადგილებში, სადაც არასდროს ყოფილან, გაიჩენენ ახალ ნაცნობებს, ნახავენ უამრავ საინტერესო რამეს. ერთი სიტყვით, მოსაწყენად ნამდვილად ვერ მოიცლიან.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
2014 წლის ჰოროსკოპი მორიელებს მისცემს შანსს, წინ გაიჭრან და კონკურენტებს გაასწრონ. განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, როცა მათი ამბიციები და საბრძოლო თვისებები პიკს მიაღწევს და მორიელებს გზაზე შეხვედრილი ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მისცემს.
წლის პირველ ნახევარში ვარსკვლავები მორიელებს ისეთი სასარგებლო თვისებებით დააჯილდოვებენ, როგორიც კომუნიკაბელობა და ურთიერთობის სწორად წარმართვის უნარია. სამსახურში მორიელები საჭირო ადამიანებთან კონტაქტს იოლად დაამყარებენ, პირად ცხოვრებაში კი განუმეორებლები იქნებიან.
2014 წელს კომუნიკაციის სიჭარბემ ერთგვარი ნეგატივიც შეიძლება მოიტანოს, რადგან მორიელის აქტიური ხასიათიდან გამომდინარე, იგი იქნება არა მხოლოდ სასიამოვნო მოსაუბრე, არამედ ულმობელი კრიტიკოსიც, რაც ამ წელიწადში შეიძლება მრავალ კონფლიქტად დაუჯდეს. ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნებს თავიანთი საბრძოლო ნიჭის კონკურენტებთან ბრძოლაში გამოყენებას ურჩევენ – ეს საქმეშიც და სიყვარულშიც წარმატებას მოუტანთ. ახლობლების მიმართ კრიტიკული გამოსვლები კი შეძლებისდაგვარად უნდა შეარბილონ.
ივლისის შუა პერიოდიდან ოქტომბრის ბოლომდე მორიელებს ჩავარდნის ხანა ექნებათ – თავს იჩენს დაგროვილი დაღლილობა და ნერვული დაძაბულობა. ნოემბერში კი მათი მჩქეფარე ენერგიის ყველას შეშურდება.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
2014 წლის ჰოროსკოპი მშვილდოსნებს ახალ და მრავალფეროვან იდეებსა და შთაბეჭდილებებს პირდება. წლის პირველ ნახევარში შეიძლება დაიღალონ კიდეც კალეიდოსკოპის სიჩქარით ცვალებადი მოვლენებისა და სახეებისგან. კომუნიკაბელობის წყალობით მშვილდოსნები ბევრ ახალ ნაცნობს შეიძენენ, თუმცა თუ საჭიროება შეექმნებათ, მათ სიმკაცრისა და მიზანსწრაფულობის გამოვლენაც კარგად შეუძლიათ. ხასიათის შტრიხების ასეთი ნაკრები 2014 წელს ბიზნესშიც და პირად ცხოვრებაშიც კონკურენტების დამარცხებისას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.
გარდა ამისა, ცხენის წელი მშვილდოსნებს სამყაროს არასატანდარტული და ნათელი ხედვით აჯილდოვებს, რაც მათ კრეატიულობას განაპირობებს. მშვილდოსნის მოულოდნელი, ნოვატორული გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოთ, თუმცა საბოლოოდ ყველაზე დიდ წარმატებას ეს ნაბიჯები მოიტანს.
წლის მეორე ნახევარში ისედაც ენერგიული მშვილდოსნები ახალი ძალებისა და შემოქმედებითი შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ. თუმცა წლის ეს პერიოდი აუჩქარებელი, მშვიდი ნაბიჯებით წინსვლისთვის უფროა შესაფერი, ვიდრე ბობოქარი ქმედებებისთვის.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
2014 წელი თხის რქებისთვის პოზიტიური იქნება: ცხენის წელი მათ სულიერ კომფორტს, გაწონასწორებულ აქტიურობასა და სამყაროს ნათელ ხედვას უქადის. მიზანმიმართულობასთან და ჯანსაღ ამბიციებთან შეზავებული სულიერი ჰარმონია თხის რქებს ბევრი დაბრკოლების გადალახვას შეაძლებინებს.
წლის პირველ ნახევარში ვარსკვლავები თხის რქებს პირად ცხოვრებაში კურსის მაინცდამაინც რადიკალურად შეცვლას არ ურჩევენ – ამ დროს წარმატებას უფრო კონსერვატიული ნაბიჯები მოგიტანთ. 2014 წლის მეორე ნაწილში კი პირიქით: თხის რქების შემოქმედებითი პოტენციალი ზღვარგადასული იქნება. სწორედ არასტანდარტული და თამამი, ნოვატორული მიდგომებით შეძლებენ თხის რქები კარიერასა თუ სიყვარულში წარმატების მიღწევას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა საქმესაც უნდა მოკიდოს თხის რქამ ხელი 2014 წელს და რა მიზანიც უნდა დაისახოს, მათ უმრავლესობას პრობლემების გარეშე გაუმკლავდება. თუმცა მნიშვნელოვან საქმეებს დეკემბრისთვის ნუ დაგეგმავთ: წლის ბოლო თვეში ვარსკვლავები თხის რქებს მოშვებას და კარგად დასვენებას ურჩევენ.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულებს 2014 წელი გლობალურ ცვლილებებს არ უქადის, თუმცა ეს არც ისე ცუდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადი ასტროლოგიური სურათი ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის არამდგრადია. მერწყულებისთვის ეს წელი ზომიერად აქტიური და საკმარისად მშვიდი იქნება.
ერთადერთი მომენტი, რაზეც მერწყულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს, მისივე განწყობაა წლის პირველ ნახევარში. ამ პერიოდში ვარსკვლავების გავლენით მერწყულები გადამეტებულ ყურადღებას მიაქცევენ დეტალებს, მათ შორის გარშემომყოფთა პატარ-პატარა ჩავარდნებსაც. მერწყულები პატარა წვრილმანებმაც კი შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს.
თუმცა სიზუსტისადმი მისწრაფებას თავისი პლუსებიც ექნება: რასაც უნდა მოკიდოს ხელი მერწყულმა წლის პირველ ნახევარში, ყველაფერს გულდასმით გააკეთებს და ყველა შესაძლო შეცდომას აირიდებს თავიდან.
2014 წლის მეორე ნახევარში კი მერწყულები ცოტა მოეშვებიან. ცხოვრების ყველა სფეროში – სამსახურში, შემოქმედებასა თუ სიყვარულში მათ ურჩევნიათ მზა შაბლონებს მისდიონ და ველოსიპედის გამოგონება არ დაიწყონ. ამ განწყობას ნუ შეეწინააღმდეგებით: 2014 წელს ჯანსაღი კონსერვატიზმი სწორედ ისაა, რაც მერწყულს წარმატებისთვის სჭირდება.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
2014 წელს თევზების ენერგიულობა და საკუთარი თავის რწმენა, განსაკუთრებით გარშემომყოფთა პასიურობის ფონზე, მათ ხალხის თვალში კარგად წარმოაჩენს. მთელი წლის განმავლობაში ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ხასიათის ძალიან სასარგებლო თვისებებს – მიზანსწრაფულობას, სიმტკიცესა და ორგანიზატორულ ნიჭს უზრუნველყოფენ. ეს ნიშნები თევზების ცხოვრების ყველა სფეროში გამოვლინდება და მათ გარშემომყოფთა მხარდაჭერაც არ მოაკლდებათ და მიზანს ყოველთვის მიაღწევენ.
ერთადერთი ნიუანსი, რამაც თევზებს წლის პირველ ნახევარში დასახული მიზნების მიღწევაში შეიძლება ხელი შეუშალოს, მისი ინტერესების მეტისმეტად ფართო წრეა. ენერგია და ცნობისმოყვარეობა თევზებს მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას აიძულებს. 2014 წელს მათ უამრავი ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა ელოდება, თუმცა უნდა ეცადონ, რომ მოვლენათა კორიანტელში მართლაც მნიშვნელოვანი არაფერი გამორჩეთ.
წლის მეორე ნახევარში კი თევზები მეორე უკიდურესობაში შეიძლება გადავარდნენ, მიმდინარე საქმეებში თავით ჩაეფლონ და დროის უდიდესი ნაწილი ყოველდღიურობას დაუთმონ.
2014 წლის მძლავრი პოტენციალის სრულყოფილად გამოყენებისთვის ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ, ნაკლებად დაინტერესდნენ წვრილმანებით და მთავარზე მოახდინონ კონცენტრირება. გახსოვდეთ, რომ ეს წელი ბევრ შესანიშნავ შესაძლებლობებს გპირდებათ და ყველაფერი, რაც თქვენგან არის საჭირო ზომიერზე ცოტა მეტი მიზანსწრაფულობის გამოვლენაა.